
მუჰამადის მამა, აბდ აბდულლა, ხელმოკლე ვაჭარი ყოფილა – ვაჟიშვილის ვერ მოესწრო, მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ხუთ წლამდე მუჰამადი უდაბოში იყო გაძიძავებული, ბედუინის ოჯახში იზრდებოდა, რადგან მექაში ცუდი ჰავაა და ჩვილ ბავშვებს, როგორც წესი, აძიძავებდნენ. ექვსი წლის მუჰამადს დედა, ამინა, გარდაეცვალა. ობლის აღზრდა პაპამ, აბდ ალ-მუტალიბმა იკისრა, მაგრამ ისიც მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში, გარდაიცვალა. ბიჭი წაიყვანა ბიძამ – აბუ ტალიბმა, რომელიც გვარის უფროსი გახლდათ.
გადმოცემით, პატარა მუჰამადი გულჩათხრობილი ბავშვი ყოფილა – უახლოესი ადამიანების სიკვდილმა მის ხასიათს მძიმე დაღი დაასვა, მარტოსულობის განცდა და რელიგიური გრძნობები გაუმძაფრა. მუჰამადი ბავშვობაში თხასა და ცხვარს მწყემსავდა _ განათლება არ მიუღია, სიცოცხლის ბოლომდე წერა-კითხვის უცოდინარი დარჩა. ბედუინისათვის ასეთი საქმიანობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, მწყემსად მხოლოდ უკიურესად ღარიბები და ობლები მიდიოდნენ.
9 წლის მუჰამადი ბიძამისმა სავაჭრო ქარავანთან ერთად სირიაში წაიყვანა. გადმოცემით, ქალაქ ბასრაში ბიჭი შეხვდა ქრისტიან ბერს, ბაჰირას რომელმაც მზის, ღრუბლებისა და ხის რტოების განლაგების მიხეედვით მუჰამადში მომავალი წინასწარმეტყველი ამოიცნო. ბაჰირამ ურჩია აბუ-ტალიბს ბიჭი დამასკოში არ წაეყვანა, სადაც ებრაელებს შეიძლება მოეკლათ.
24 წლის ასაკში მუჰამადი თავისი შორეული ნათესავის, მდიდარი ქვრივის, ორჯერ განათხოვარი ხადიჯა ბინ ხუვალაიდის სამსახურში ჩადგა – სავაჭრო საქმეებში ეხმარებოდა – ქარავანი სირიაში წაიყვანა, სარფიანად ივაჭრა და ორმაგი მოგება მოუტანა. 25 წლის მუჰამადმა 40 წლის ხადიჯა ცოლად შეირთო. შემდგომი 25 წლის განმავლოვაში ისინი სიამტკბილობით ცხოვრობდნენ – სანამ ხადიჯა ცოცხალი იყო, მუჰამადს სხვა ცოლი არ მიუყვანია . მათ ორი ვაჟი (კასიმი და აბდ ალაჰი) და ოთხი ქალიშვილი (ზაინაბი, რუქაია, უმ კულსუმი და ფატიმა) შეეძინათ – ვაჟები მცირეწლოვანები დაეხოცათ. მუჰამადის ასევე ჰყავდა ორი შვილობილი. ერთ-ერთმა მათგანმა, ალიმ, აბუ ტალიბის ვაჟმა , ცოლად შეირთო მისი უმცროსი ქალიშვილი ფატიმა. მათი შთამომავლობა გახდა სწორედ მუჰამადის გვარის გამგრძელებელი.
No comments:
Post a Comment